აკვარიუმის მცენარის თესლი – ტყუილი თუ სიმართლე ?
აკვარიუმის მცენარის თესლი – ტყუილი თუ სიმართლე ?

აკვარიუმის მცენარის თესლი – ტყუილი თუ სიმართლე ?

ალბათ გინახავთ სოც. ქსელებში გავრცელებული მიმზიდველი მოკლე ვიდეოები, თუ როგორ ყრიან ბურთულებიან აკვასოილს მრგვალ ჭურჭელში, მოაპნევენ თესლს, წყლით ნამავენ ზედაპირს, ტენიანობის შესანარჩუნებლად აკრავენ პარკს და მალე მწვანე ხასხასა მცენარეც აღმოცენდება, შემდეგ წყლით ავსებენ და თევზებს ყრიან.

ვისაც წარმოდგენა არ აქვს აკვარიუმებზე, რასაკვირველია აღფრთოვანებას იწვევს ეს ვიდეო და ჰგონია, რომ ასე მარტივად დათესავს მცენარეს, მოიყვანს მოსავალს, თევზებსაც გაუშვებს და ფანჯრის რაფაზე შემოსადები დეკორაციაც მზადაა.

იმედები უნდა გაგიცრუოთ. გარდა იმისა, რომ თევზების ასეთ პატარა და ვიწროყელიან ჭურჭელში ჩასმა ფილტრის გარეშე არ შეიძლება, ეს ვიდეოები არის კლიკებისთვის. ყველანაირ ხერხს მიმართავენ რომ მეტი ნახვა და გაზიარება ჰქონდეს არხს.

ეს აკვარიუმის მცენარის თესლი კი არის ეგრეთწოდებული “სკამი” თაღლითური გაყიდვები. ხშირ შემთხვევაში წყლის მცენარის მაგივრად ბალახის თესლი შეიძლება შეგრჩეთ, რომელიც წყლით რომ დაიფარება ერთ თვეში დალპება.

აკვარიუმის გრუნტის “ხალიჩა” მცენარე

ეს გაურკვეველი თესლი ხშირად აზიური ქვეყნებიდან შემოდის და ონლაინ იყიდება. თესლს ვერ ნახავთ ევროპის ან ამერიკის ნორმალურ აკვარიუმების მაღაზიებში, რადგანაც არსებობს რეგულაციები, ყველამ იცის სიმართლე და რეპუტაციასაც უფრთხილდებიან.

აკვარიუმის თესლი შეგხვდებათ შემდეგი სახელწოდებებით: Dwarf Baby tears, Monte Carlo, Dwarf Hairgrass, Glossostigma და ა. შ. თუმცა არც ერთი ეს წვრილფოთლიანი მცენარე თესლით არ მრავლდება. თუ მაინც შეიძენთ და გაგიმართლებთ შეიძლება მართლაც წყლის მცენარე აღმოჩნდეს, მაგრამ ნამდვილად არ იქნება ის მცენარე , რომლადაც გაასაღეს.

თუ არ გსურთ რომ მოტყუვდეთ, თავის დასაცავად სჯობს გაერკვეთ აკვარიუმებში და აკვარიუმის წყლის მცენარეებშიც.

წყლის მცენარეულობა და მათი კატეგორიები

წყლის მცენარეები, მეცნიერულად ჰიდროფიტები – ისეთი მცენარეები არიან, რომლებიც მთლიანად ან ნახევრად წყალში ხარობენ. ჰიდროფიტები იყოფიან კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:

  • ნახევრად წყლის მცენარეები – ფესვი აქვთ გრუნტში, მყარი ღერო და ფოთლები წყლის ზედაპირის ზემოთ (ესეთი მცენარეებია ჭაობის მცენარეები, ველური ბრინჯის მცენარე და ა.შ.)
  • მთლიანად წყალში მოქცეული წყლის მცენარეები
    • ფესვიანი: გრუნტში გადგმული ფესვებით (მაგალითად ვალისნერია, კრიპტოკორინა)
    • უფესვო: თავისუფლად მოცურავე, წყლის ქვეშ (სხვადასხვა წყლის ხავსები, Najas guadalupensis)
    • მიმაგრებული: მიმაგრებული სხვადასხვა ზედაპირებზე, ქვებზე, ხის ფესვებზე და ა.შ. (ანუბიასები, წყლის გვიმრები)
  • ფესვიანი, ზედაპირზე მოტივტივე მცენარეები – ფესვები აქვთ გრუნტში, მაგრამ გრძელ ღეროიანი ფოთოლი ზედაპირზე ტივტივებს (ასეთი მცენარეა მაგ. წყლის შროშანი, იგივე დუმფარა )
  • თავისუფლად მოტივტივე მცენარეები – მცენარეები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ტივტივებენ თავისუფლად, ფესვები კი წყალში აქვთ, მაგალითად (პისტია, Phyllanthus Fluitans)

წყლის მცენარეების ყვავილობა და თესლი

ზოგიერთი ფესვიანი, უფესვო თუ მოტივტივე წყლის მცენარეები ყვავილობენ. ყვავილობა კი იმას ნიშნავს , რომ პოტენციურად თესლსაც გამოისხამს თუ მოხდება ყვავილის დამტვერვა ანუ “პოლინაცია”. პოლინაცია ბუნებაში ხდება წყლის ზემოთ, ჰაერის, მწერების საშუალებით.

ანუბიასი – ნახევრად წყლის მცენარე

მოდით განვიხილოთ აკვარიუმის ჰობიში გავრცელებული მცენარე ანუბიასი.

ანუბიასი არის ნახევრად წყლის მცენარე. ხარობს და ყვავილობს როგორც მთლიანად წყალში, ასევე ნახევრად წყლის ზემოთ. ანუბიასს რომ გამოუვიდეს თესლი საჭიროა რომ მოხდეს ყვავილის დამტვერვა წყლის ზემოთ.

ქვემოთ ფოტოზე ჩანს წყლის ზემოთ გაყვავილებული ანუბიასი(1), დამტვერვის შედეგად 2-დან4 თვის განმავლობაში ჩამოყალიბებული ნაყოფი(2) , ამის შემდეგ კი ანუბიასის სათესლე პარკი ყალიბდება(3).

როგორც ხედავთ, ეს შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ანუბიასს ფერმებში თესლით ამრავლებენ. შემდეგ წამოზრდილი მცენარის ჩითილი გადააქვთ ინდივიდუალურ კონტეინერებში, სადაც იკეთებს ფესვს და იზრდება.

თესლით აღმოცენებული ანუბიასი

სათბურებში ანუბიასს ფოთლებით წყლის ზემოთ ზრდიან სადაც ხდება ფოთლის დანამვა. კომერციული მიზნისთვის ნახევრად წყლის მცენარეებს ამ მეთოდით იმიტომ ზრდიან, რომ წყლის ზემოთ მეტი ნახშირორჟანგია და მცენარესაც უკეთესი და ჯანსაღი ზრდა აქვს.

(როდესაც სათბურში მოყვანილ მცენარეს ყიდულობს მომხმარებელი და აკვარიუმში ჩადებს, მცენარეს დასჭირდება წყალში ადაპტაცია, შეიძლება ფოთოლი დაუდნეს, მაგრამ ისევ გაიხარებს გარკვეული პერიოდის შემდეგ.)

სათბურში ინდივიდუალურ კონტეინერებში გადატანილი ანუბიასი
აბუბიასის თესლის აღება სახლის პირობებში

სახლის პირობებშიც შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება და ანუბიასის თესლის აღება. თუ თქვენმა ანუბიასმა წყალში გამოიღო ყვავილი შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე ამოწიოთ გაყვავილებული ნაწილი და სცადოთ დამტვერვა. შეიძლება გაგიმართლოთ და გარდაიქმნას ნაყოფად, საიდანაც რამოდენიმე კვირაში აიღებთ თესლს.

მიუხედავად იმისა რომ ანუბიასიც და სხვა აკვარიუმის მცენარეები თესლითაც მრავლდებიან, გასაყიდად იშვიათად შეხვდებით დაფასოებულ თესლს.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვაც, მაშინ რისი თესლი იყიდება ონლაინ მაღაზიებში?

ექსპერიმენტი ეტაპი I

იმისათვის, რომ დამედგინა რომელი მცენარის თესლი იყიდებოდა ამაზონზე, გადავწყვიტე შემეძინა და ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ავარჩიე ისეთი განცხადება, რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა, გაგიკვირდებათ და დადებითი გამოხმაურებებიც საკმაოდ ბევრი იყო და თუ რატომ ამასაც მოგახსენებთ 🙂

მშრალი მეთოდი

მოკლედ, ავიღე ეს თესლი და მოვაპნიე სველ აკვასოილზე, შევფუთე პარკით და რამოდენიმე დღე ვნამავდი. ამ მეთოდს ეწოდება “მშრალი მეთოდი” წყალში არ უნდა ჩაიყაროს თესლი.

დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო გაღვივება, დავდგი განათებაც. რამოდენიმე დღეში გამოვიდა ძალიან პატარა საყვარელი ფოთლები, თუმცა ეს არც მონტე კარლოს ფოთოლს ჰგავდა და არც გლოსოსტიგმასას.

კიდევ რამოდენიმე დღეში აბიბინდა მწვანედ დაიფარა გრუნტი.

აბიბინებული ბალახი

უკვე ამ ეტაპზე მივხვდი თუ რატომ წერდნენ დადებით რევიუებს ინტერნეტში. ვინც ვერ ერკვევა აკვარიუმის მცენარეებში, ძალიან მარტივია აღფრთოვანდეს ასეთი შედეგით . ამ დროს რას აკეთებს გახარებული და მადლიერი მომხმარებელი? რა თქმა უნდა წერს დადებით გამოხმაურებას, ასეთი დამწყები აკვარიუმის მოყვარული კი ძალიან ბევრია და ამიტომაც იყიდება ეს თესლიც ასე წარმატებულად.

არის ასევე ცუდი რევიუებიც. ხშირად საერთოდ ვერ ახერხებენ თესლის გაღვივებას, ან მალევე ავსებენ აკვარიუმს წყლით. ეს ჯერ კიდევ სუსტი, წვრილფესვიანი, ახლადგამწვანებული მცენარეები იწყებენ ტივტივს, ზოგიერთი თესლი გაუღვივებელი რჩება და წყალშივე იწყებს ლპობას.

ექსპერიმენტი ეტაპი II

ამ გაურკვეველი მცენარის ფესვები რომ მოძლიერდა, რამოდენიმე “ჩითილი” ავიღე, გადავიტანე აკვარიუმში და ფესვებით ჩავრგე გრუნტში, სადაც გააგრძელა ზრდა. ფოთლები დაუგრძელდა, ფესვი იმდენად მყარი და აგრესიული იყო რომ სხვა მცენარეები მოახრჩო. კვირაში ერთხელ რომ არ გამეკრიჭა იზრდებოდა ძალიან მაღალი. არანაირი საერთო არ ჰქონდა ამ მცენარეს , ეგრეთწოდებულ “აკვარიუმის ხალიჩა მცენარეებთან”. ბოლოს მთლიანად ამოვიღე აკვარიუმიდან. (იხ ფოტო)

რა გამოვიწერე – რა ჩამოვიდა

ბოლოს გავარკვიე და ეს მცენარე აღმოჩნდა ჰიგროფილა პოლისპერმა(Hygrophila polysperma) , აღმოსავლეთ ინდოეთში გავრცელებული ნახევრად წყლის მცენარე, რომელიც საკმაოდ აგრესიული ზრდა აქვს. იზრდება გრძელი , ამოდის წყლის ზედაპირზე და იკეთებს ბევრ ყვავილს, შესაბამისად ხდება პოლინაცია და სწრაფად იკეთებს სათესლე პარკს . ამ მცენარიდან თესლის აღებაც მარტივია და აქედან გამომდინარე მარტივადაც იყიდება .

Hygrophila polysperma ველური
ჰიგროფილა პოლისპერმა ბუნებაში

ჰიგროფილა პოლისპერმა ცუდი ან უშნო მცენარე ნამდვილად არ არის. თუ გაკრეჭთ და მოუვლით ნებისმიერი აკვარიუმის მცენარე ლამაზია.

ჩემს შემთხვევაში ნამდვილი წყლის მცენარე აღმოჩნდა. თუმცა ონლაინ მაღაზიას სახელწოდებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. როგორც ავღნიშნე ეს არ არის მონტე კარლო , გლოსოსტიგმა და ჯუჯა ბალახი. ეს მცენარეები თესლით არც მრავლდებიან.

ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი სელერი (გამყიდველი) ხშირად ჩვეულებრივ ხმელეთის მცენარის თესლს ყიდის. წყლით დაფარვისას კი მცენარე უბრალოდ ლპება.

რჩევა გამოცდილებიდან გამომდინარე

იმედია ამ პოსტმა წარმოდგენა შეგიქმნათ წყლის მცენარეების თესლზე და მარტივადაც ვეღარ მოტყუვდებით.

თუ მაინც გადაწყვეტთ ზემოთ აღნიშნული თესლის შეძენას, რამოდენიმე რჩევას მოგცემთ:

  • ცალკე თავდახურულ ჭურჭელში გააღვივეთ მცენარის თესლი აკვასოილში ან თუნდაც სხვა მცენარის გრუნტში (ორგანული და არა სასუქიანი)
  • ჭურჭელს გადააკარით პარკი, სასურველია გამჭვირვალე ჭურჭელში დათესოთ, შუქი რომ შევიდეს.
  • ხშირად დანამეთ, ოღონდ ისე არა, რომ გუბე გაჩნდეს და დაიფაროს თესლი წყლი.
  • როდესაც მცენარე მოძლიერდება, ღეროც გაეზრდება, ფესვსაც გაიდგამს შემდეგ ჩითილები გადაიტანეთ აკვარიუმში და ჩარგეთ უკვე წყალში. მცენარე შეიძლება დადნეს, ლპობა დაეწყოს , მაგრამ 10დან 3მაც რომ გაიხაროს ესეც კარგი შედეგი იქნება.