ფლუორესცენტული ფერადი თევზები
ფლუორესცენტული ფერადი თევზები

ფლუორესცენტული ფერადი თევზები

თევზების მაღაზიებში ალბათ გინახავთ ხასხასა, ფოსფორისფერი ფლომასტერისფერი თევზები.

ბუნებაში ამ მოელვარე თევზებს ვერ ნახავთ, რადგანაც ისინი ადამიანის მიერ, ხელოვნურად, გენური ინჟინერიით არიან გამოყვანილები ( არ არიან საღებავით შეღებილები და არც ნემსით აქვთ შეყვანილი ფერი ) ვფიქრობ საინტერესოა იცოდეთ მათი შექმნის ისტორია, გარემოზე ზემოქმედება და შემდეგ გადაწყვიტოთ შეიძინოთ თუ არა გენმოდიფიცირებული თევზი.

გემოვნებაზე, მითუმეტეს როცა ეს ჰობის ეხება, არ დაობენ.

გენმოდიფიცირებული ფერადი თევზის შექმნის ისტორია

ტრანსგენური მოელვარე თევზი 90იან წლებში, სინგაპურში შექმნეს. ექსპერიმენტის თავდაპირველი მიზანი იყო დაბინძურებული წყლების აღმოჩენა მოელვარე თევზის საშუალებთ. მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს სამხრეთ აზიაში გავრცელებული თევზი ზებრა დანიო (Danio rerio). მათ თევზის კვერცხში მედუზის და ზღვის ანემონების ფლუორესცენტული პროტეინი შეიყვანეს და ასე მიიღეს მოელვარე თევზი.

ამერიკული ბრენდის GloFish® -ის დაარსება

2001 წელს ამერიკულმა კომპანიამ Yorktown Technologies ახალი ბიზნესის შესაძლებლობები დაინახა, მოიპოვა მოელვარე თევზის გაყიდვის ლიცენზია და 2004 წელს შექმნა ბრენდი, უდიდესი გენმოდიფიცირებული თევზების კომპანია GloFish®.

მალე ზებრა დანიოს დაემატა სხვა სახეობის თევზები, ტერნეცია(Gymnocorymbus ternetzi), ვეფხვისებრი ბარბუსი(Puntius tetrazona), კორიდორასები, გრძელფარფლიანი ტეტრა, ბეტა და Epalzeorhynchos frenatum.

GloFish -ის თევზსაშენი ამერიკაშია და თევზის ფერმებში ხდება ამ ორნამენტული თევზების გამრავლებაც.

გარდა ფერადი თევზებისა GloFish® ყიდის სიბნელეში მანათობელ დეკორაციებს და ხელოვნურ მცენარეებს, ფერად გრუნტს და მოწყობილობებს. ამ ბრენდის ფერადი დეკორაციები და ფერადი კენჭები არ არის მომწამვლელი. დამწყები აკვარიუმის მოყვარულისთვის და ბავშვებისთვის ალბათ მომნუსხველი და თვალისმომჭრელია, პოპულარულობით ამიტომაც სარგებლობს.

რეგულაციები და აკრძალვები აშშ-ში

გარემოს დამცველები მუდმივად შიშობდნენ, რომ ეს თევზი ადგილობრივ წყლებში გავრცელდებოდა და საფრთხეს შეუქმნიდა თევზების პოპულაციას. ფლორიდაში (აშშ) 2014 წელს თევზსაშენთან ახლო წყლებში აღმოაჩინეს კიდეც ფლუორესცენტული თევზები, თუმცა გავრცელება და ინვაზია არ მოხდა, რადგანაც ადგილობრივი თევზებისთვის ადვილად აღმოსაჩენი იყო და ჭამდნენ.

კალიფორნიაში(აშშ) 2015 წლამდე იყო აკრძალული მოელვარე თევზის გაყიდვა, მაგრამ 2015 წლის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით დაასკვნეს, რომ ბუნებაში გავრცელების ნაკლები შანსი ჰქონდა და ხმაურიც მიჩუმდა.

დღემდე რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაშია აკრძალულია გენმოდიფიცირებული თევზების გაყიდვა. თუმცა არალეგალურად მაინც ჰყავთ.

ტრანსგენული თევზის ბრაზილიაში გავრცელება

2015 წელს ბრაზილიაში, პარაიბა დო სულ-ის მდინარეში შენიშნეს ფლუორესცენტული თევზების ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ იმ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე თევზსაშენიდან გამოეპარათ. 2017 წელს ბრაზილიელმა ბიოლოგებმა კვლევებით აღმოაჩინეს, რომ თევზებს იდეალური პირობები ჰქონდათ გამრავლებისთვის, არც მტაცებლები იყვნენ ადგილობრივ, ნელი დინების წყლებში რომ შეეჭამათ ისინი და პოპულაცია დღემდე იზრდება. 2017 წლიდან მათი გაყიდვა აიკრძალა ბრაზილიაშიც.

რეგულაციები საქართველოში და ევროპაში

საქართველოში არ არის შეზღუდული მოელვარე თევზების იმპორტი და არც იმის საშიშროებაა, რომ თბილისის ზღვაში გაუშვას ვინმემ და შემდეგ ინვაზიური გახდეს.

ევროპის ქვეყნებში ზოგადად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და გავრცელებაა აკრძალული და არც გენმოდიფიცირებული თევზი იყიდება.


ამ პოსტის მიზანი იყო გამეცნო თქვენთვის ინფორმაცია მოელვარე ფერადი თევზების შესახებ.

რადგანაც ეს გვერდი ბუნებრივ აკვარიუმებზეა, შესაბამისად არც ხელოვნურ მცენარეებს, დეკორაციებს და გენმოდიფიცირებულ თევზებს გავუწევ რეკომენდაციას.


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე.