თუ აქამდე არასდროს გქონიათ მცენარეებიანი აკვარიუმი და ახლა აპირებთ წყლის მცენარეების დამატებას, ანუბიასი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
ამ სტატიაში გაიგებთ:
- რა განსხვავებაა ფესვსა და რიზომას შორის
- რატომ არის ანუბიასი დამწყებისთვის იდეალური
- რატომ უჩნდება მას ალგე
- როგორ სწორად მოვათავსოთ აკვარიუმში


ანუბიასის დახასიათება
ანუბიასის სახელი ძველ ეგვიპტურ სიკვდილის ღმერთის სახელთან – ანუბისთანაა კავშირში. მცენარე ანუბიასიც წარმოშობით დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის მდინარეებსა და ნაკადულებში გვხვდება. სახელიც სწორედ იმ ჩრდილიან და ბნელ ადგილებს უკავშირდება, სადაც ის ბუნებრივად იზრდება.
აკვარიუმის მცენარეების სამყაროში ანუბიასი დაბალტექნოლოგიურ და გამძლე მცენარედ ითვლება ( დაბალტექნოლოგიურში იგულისხმება აკვარიუმი დაბალი განათებით და CO2 გარეშე) , რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ სჭირდება ძლიერი განათება და შეუძლია წყლის პარამეტრების ფართო დიაპაზონში არსებობა. ერთი და იგივე სახეობის ანუბიასი სხვადასხვა აკვარიუმში, ანუ წყლის სხვადასხვა პარამეტრებსა სხვადასხვანაირი ფორმით იზრდება, მაგალითად ძლიერი განათების პირობებში მისი ფოთლები უფრო კომპაქტური ხდება. ზოგ აკვარიუმში კი საერთოდ ვერ ხარობს, ფოთლები ალგეთი იფარება და რთულია მისი მოშორება.
რატომ უჩნდება ანუბიასს ალგე (მწვანე ნადები) ?
- ანუბიასი საკმაოდ ნელა მზარდი მცენარეა, ძველი ფოთლები თვეობით შეიძლება შერჩეს ღერო, ანუ არ ხდება ძველი ფოთლის კვდომა და მისი ახლით ჩანაცვლება, როგორც ეს სხვა წყლის მცენარეებს ახასიათებთ. ალგეს კი უყვარს სტაბილური, უმოძრაო ზედაპირები და ფოთლები, ამიტომ ანუბიასზეც მშვენივრად გრძნობს თავს.
- მეორე მიზეზი – ზედმეტად მაღალი განათებაა. ანუბიასი ბუნებაში ხარობს ჩრდილში და როდესაც აკვარიუმში მაღალი, ძლიერი განათების ქვეშ ხვდება , ვერ ასწრებს მთელი ამ ენერგიის ათვისებას და ანუბიასის ფოთლების მაგივრად იზრდება ანუბიასზე მოჭიდებული ალგე.
- მესამე შესაძლო მიზეზი ანუბიასის ალგეთი დაფარვის არის აკვარიუმში არასაკმარისი წყლის ცირკულაცია. დამდგარ, უმოძრაო წყალში, სადაც ფილტრი არასაკმარისად ამოძრავებს წყლის ნაკადს ნახშირორჟანგის გადანაწილებაც ნაკლებია მცენარის გარშემო და ასევე ამ უმოძრაო წყალში ფოთლებზე ილექება ნუტრიენტები, თევზების ნარჩენები, ზედმეტი საკვები. რადგანაცალგე ხარობს დაბალი CO2-ის პირობებში და ნიტრატებიანი წყალიც სახარბიელო გარემოა მისი ზრდისთვის, ანუბიასზეც ამიტომ იზრდება. ( გაითვალისწინეთ, რომ აკვარიუმში მცენარის ფოთოლი ოდნავ უნდა ირხეოდეს)
თუ რა არის ალგე დაწვრილებით წაიკითხავთ შემდეგ ლინკზე : ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ

- ალგე ანუბიასზე იზრდება მაშინაც, როდესაც აკვარიუმში ზედმეტი ნიტრატებია. გარკვეული რაოდენობის ნიტრატი მცენარეებისთვის აუცილებელია, ნიტრატებს მცენარეები შეითვისებენ ზრდისთვის, მაგრამ თუ ზედმეტად ბევრი ნიტრატია , მაშინ ჩნდება ალგეც. ნიტრატების დონე კი მაშინ იწევს მაღლა , როდესაც აკვარიუმში ან ბევრი თევზია, ან ბევრ საკვებს უყრით, არასაკმარისად ხშირად ცვლით წყალს ან ყველაფერი ეს პრობლემა ერთად
ზოგადად ველურ ბუნებაში ალგე მნიშვნელოვან ორგანიზმს წარმოადგენს. ის ბიოლოგიური ბალანსს აღადგენს ტბებში, ზღვაში და მდინარეებში, მაგრამ აკვარიუმში ვიზუალურად არ გამოიყურება კარგად, ამიტომ საჭიროა ჩვენ ვაკონტროლოთ ნიტრატების რადენობა წყლის ცვლით, ნაკლები საკვების ჩაყრით და რა თქმა უნდა ბუნებრივი მცენარეების დამატებით.
წყლის ცირკულაციაზე აქ წაიკითხავთ აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა
თუ რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი და ზოგადად როგორ უნდა მოხდეს აკვარიუმში წყლის ცვლა წაიკითხავთ შემდეგ სტატიაში :როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი
ნიტრატებზე კი ამ პოსტში წაიკითხავთ რა არის ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი?
ალგეს კოტროლი ბუნებრივად
როგორც ხედავთ ანუბიასს ალგე ხშირად უჩნდება და ეს ნორმალურიცაა, თუმცა შეიძლება ალგეს კონტროლიც, მაგალითად, მაღალი განათების დროს შეგიძლიათ ანუბიასი მოათავსოთ სხვა მაღალლი მცენარეების ჩრდილის ქვეშ, ან ხის დეკორაციის ქვეშ, ქვებზე, იყოლიოთ კრევეტები, ალგეს მჭამელი თევზები ან ლოკოკინები, ანუბიასს მოაშოროთ ძველი ფოთლები, რომელიც ჭარბად არის ალგეთი დაფარული. ყველა თევზი და კრევეტი არ შეექცევა ალგეს, ამ პოსტში ნახავთ რომელი თევზები იკვებებიან ალგეთი

ანუბიასის ფოთოლი და რიზომა
ანუბიასი ეპიფიტური მცენარეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან. ესაა ფოთოლი, ღერო, რიზომა და ფესვი. ის არ უნდა ჩაირგოს სუბსტრატში სხვა მცენარეების მსგავსად. ფოტოზე ნაჩვენები
არ უნდა შეგეშალოთ ანუბიასის ფესვი, ანუბიასის რიზომისგან. ანუბიასის რიზომა არის ამ მცენარის სქელი ჰორიზონტალური ღერო, საიდანაც ერთდროულად ამოდის ფოთლებიც და ფესვებიც. იმისათვის რომ ანუბიასმა წყალში გაიხაროს არ შეიძლება ამ რიზომის, ანუ ჰორიზონტალური ღეროს სუბსტრატში, ანუ გრუნტში ჩადება (ქვიშაში, აკვასოილში და ა.შ.) რიზომა უნდა მიმაგრდეს ხის ფესვზე, ქვაზე და სხვა დეკორაციაზე. თვად ფესვი კი შეიძლება ჩაიდოს გრუნტში,მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფესვები თავად მოძებბნის.
რატომ არ შეიძლება რიზომის გრუნტით დაფარვა?
თუ რიზომა დაიფარა, ის დალპება და შესაბამისად დალპება მთლიანად მცენარე, ფოთოლიც და ფესვიც. ანუბიასის დამაგრება სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი.
როგორ დავამაგროთ ანუბიასი დეკორაციებზე?
- მიამაგრეთ ქვას ან ხეს (გადაახვიეთ ძაფით )
- შეგიძლიათ რიზომით მიაწებოთ ციანოაკრილატის ბაზაზე დამზადებული სუპერ წებოთი.
- აიღეთ ქვა, რიზომას ქვემოდან თხლად წაუსვით ციანოაკრილატის წებო, დაამაგრეთ ქვაზე და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, წყალთან შეხებისას ციანოაკრილატის წებო მაშინვე ქვავდება და აკვარიუმში ჩადებისას არ შეგეშინდეთ, არ მოძვრება თუ მყარად იქნება დამაგრებული. (წებო პირდაპირ წყალში არ გამოიყენოთ)
- ანუბიასი შეგიძლიათ მოათავსოთ ხის დეკორაცია – ფესვის ან ქვების ნაპრალებში
- ანუბიასი შეგიძლიათ დატოვოთ თავისუფლად, დაადოთ დროებით სიმძიმე და შემდეგ ფესვი თავად მოეჭიდება ზედაპირებს.

როგორ იზრდება და მრავლდება ანუბიასი
ანუბიასი ნახევრად წყლის მცენარეს წარმოადგენს . ის ხარობს როგორც მთლიანად წყალქვეშ, ისე წყლის ზემოთაც ( ხშირად რიზომით და ფესვით წყალში და ფოთლებით წყლის ზედაპირზე).ამ მრავალფეროვნების გამო მცენარე შეიძლება არამხოლოდ აკვარიუმში გამოვიყენოთ, არამედ პალუდარიუმებისა და ტერარიუმებში.
ანუბიასის გამრავლება რიზომით
ანუბიასი ფოთლით ან ფესვით არ მრავლდება, ის მრავლდება რიზომით. ანუბიასის ზრდასთან ერთად რიზომაც იზრდება სიგრძეში, ფესვების მეშვეობით სხვადასხვა დეკორაციებს და ზედაპირებს ეჭიდება და რიზომაც ამ დეკორაციების ზედაპირებს მიჰყვება. გასამრავლებლად შეგიძლიათ მოაწყვიტოთ რიზომა, ანუ გაყოთ ერთი მცენარე შუაში და მიიღებთ ორ მცენარეს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გაყოფილ რიზომას ასევე უნდა ჰქონდეს რამოდენიმე ფოთოლი და ფესვიც. მხოლოდ რიზომით არ გაიხარებს.
ანუბიასის გამრავლება თესლით
გაგიკვირდებათ და ანუბიასი თესლითაც მრავლდება, ზუსტად თესლით ახარებენ მცენარეს სათბურებში. კომერციული მიზნისთვის ნახევრად წყლის მცენარეებს ამ მეთოდით იმიტომ ზრდიან, რომ წყლის ზემოთ მეტი ნახშირორჟანგია და მცენარესაც სწრაფი და ჯანსაღი ზრდა აქვს, არ უჩნდება ალგე და პარაზიტების და ლოკოკინების კვერცხებიც არ მოჰყვება.

სათბურებში თესლით აღმოცენებულ ანუბიასის ფოთლებს წყლის ზემოთ ზრდიან და ხდება ფოთლის სისტემატიურად დანამვა.
ანუბიასის თესლის აღება სახლის პირობებში
სახლის პირობებშიც შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება და ანუბიასის თესლის აღება. თუ თქვენმა ანუბიასმა წყალში გამოიღო ყვავილი შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე ამოწიოთ გაყვავილებული ნაწილი და სცადოთ დამტვერვა. შეიძლება გაგიმართლოთ და გარდაიქმნას ნაყოფად, საიდანაც რამოდენიმე კვირაში აიღებთ თესლს.
მიუხედავად იმისა რომ ანუბიასიც და სხვა აკვარიუმის მცენარეები თესლითაც მრავლდებიან, გასაყიდად იშვიათად შეხვდებით დაფასოებულ თესლს.

ანუბიასი და თევზები
ანუბიასი შესანიშნავი მცენარეა თევზებისთვის, მისი მყარი ფოთლები ქმნის იდეალურ თავშესაფარს თქვენი წყლის ბინადრებისთვის, ასევე კრევეტებისთვის, ახლად გამოჩეკილი ლიფსიტებისთვის, თევზი ბეტასთვის ანუბიასის ფოთოლი მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამ თევზს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა დეკორაციებზე “წამოწოლილს”, ანუბიასის ფართო ფოთოლიც მისთვის ჰამაკის როლს ასრულებს.
ზოგადად ოქროს თევზებს ახასიათებთ მცენარეების ჭამ და თითქმის შეუძლებელია წყლის მცენარეების გახარება აკვარიუმში. ანუბიასი კარგი გამოსავალია ოქროს თევზებიან აკვარიუმში, რადგანაც ანუბიასს მყარი ფოთლები აქვს და ოქროს თევზი ვერ ახერხებს მის სრულად განადგურებას. იმისათვის რომ ანუბიასი გადაურჩეს ოქროს თევზებს და თევზს ინტერესი დაეკარგოს ამ მიმზიდველი სასუსნაოს მიმართ საჭიროა ხშირად აჭამოთ ბოსტნეული.
ანუბიასის პოპულარული სახეობები
ანუბიასის სხვადასხვა სახეობა არსებობს, ასევე სელექციით მიღებული კულტივარები , ანუ ხელოვნურად გამოყვანილი ფორმები. ანუბიასის გავრცელებული სახეობებია
- Anubias pynaertii
- Anubias gilletii
- Anubias gracilis
- Anubias heterophylla
- Anubias afzelii
- Anubias barteri
ანუბიას ბარტერი ჰობიში ყველაზე მეტად გავრცელებული ანუბიასის სახეობაა, ამიტომ მას ყველაზე მეტი კულტივარი გააჩნია. ესენია ანგუსტიფოლია, გლაბრა, ნანა და კალადიფოლია
ვიმედოვნებ, რომ მომავალში საქართველოშიც გავრცელდებაა აკვასკეიპი იმ დონეზე, რომ გვექნება სათბურები და ანუბიასის თუ სხვა წყლის მცენარეების ფართო არჩევანი. ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

