ნეოკარიდინას კრევეტები
ნეოკარიდინას კრევეტები

ნეოკარიდინას კრევეტები

კრევეტების სახეობის არჩევაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მარტივი იქნება მათი მოვლა და შემდგომში გამრავლება.

კრევეტების სხვადასხვა სახეობები არსებობს, ამ პოსტში ნეოკარიდინებზე ვისაუბრებ, რომლებიც ჰობიში ყველაზე ხელმისაწვდომ და გამძლე კრევეტებად ითვლებიან

დამწყებთათვის ნეოკარიდინები იდეალური ვარიანტია (იგივე ნეოკარიდინა დავიდი, Neocaridina Davidi, ჯუჯა ჩერი კრევეტი ).

ჩერი კრევეტის ფერთა ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელიც ინდივიდუალური გადარჩევით, სელექციით მიიღეს; წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ა.შ.

არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ფერის კრევეტის ერთ აკვარიუმში ყოლა, რადგანაც ადვილად მრავლდებიან და შემდეგი თაობები კარგავენ ფერს, ხდებიან გამჭვირვალეები ან ყავისფერდებიან. თუმცა ვისაც არ აქვს ინტერესი ჰყავდეს მხოლოდ ერთი ფერის კრევეტი ყავისფერი კრევეტიც საინტერესოა აკვარიუმში.

გაითვალისწინეთ, რომ კრევეტები უკეთესად გრძნობენ თავს როდესაც ჯგუფურად არიან.

10ზე ნაკლებ კრევეტს თუ იყოლიებთ, ისინი ეცდებიან მცენარეებში დამალვას და იშვიათად გამოჩნდებიან.

კრევეტები თევზებთან ერთად

კრევეტებთან ყველანაირი თევზის ერთად მოთავსება არ შეიძლება.

დიდი ზომის, ტერიტორიული და აგრესიული თევზი, მაგალითად ბარბუსი, ბეტა თევზი, მუდმივად შეაწუხებს კრევეტს და ვახშმადაც დიდი შანსია რომ მიირთვას. ბევრი სამალავის შემთხვევაში კრევეტმა შესაძლოა დამალვა მოახერხოს , მაგრამ როდესაც გამრავლდებიან ვერ მიხვდებით და ვერ დაითვლით თუ რამდენი იყო თავიდან და რამდენი გადაურჩა აგრესიულ თევზს. სხვა შემთხვევაა თუ სპეციალურად გსურთ კრევეტების პოპულაციის შემცირება ამ მეთოდით, მაგრამ არამგონია ამის მსურველი ბევრი იყოს.

კრევეტების ყოლა სასურველია მხოლოდ მათთვის განკუთვნილ აკვარიუმში ან მშვიდობიან თევზებთან ერთად(ასეთი თევზია მაგალითად ტეტრა, კორიდორასი, ოტოცინკლუსი, ჩილი რასბორები). რაც მთავარია უნდა შეუქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო, ბევრი მცენარეებიანი სამალავი და რა თქმა უნდა აკვარიუმიც შესაბამისი ზომის უნდა იყოს.

კრევეტების რაოდენობა აკვარიუმში

კრევეტი მცირე ზომისაა, შესაბამისად მეტაბოლურ ნარჩენსაც ცოტას გამოყოფს ვიდრე თევზი, ასე რომ მათი ყოლა პატარა აკვარიუმებშიც შეიძლება, მაგალითად 10-15 კრევეტი 20 ლიტრზე საკმარისია . გასამრავლებლად კი დიდი აკვარიუმი სჯობს.

როდესაც კარგ პირობები აქვთ ნეოკარიდინებიც სწრაფად მრავლდებიან და არ საჭიროებენ ჩვენგან დამატებით ჩარევას. ნებისმიერი თევზი, თუნდაც მშვიდობიანი იყოს ის, პატარა კრევეტის დევნას და ჭამას დაიწყებს, ასე რომ თუ გსურთ , რომ თქვენმა ახალგამოჩეკილმა კრევეტებმა ზრდასრულ ასაკამდე მიაღწიონ, უმჯობესია მხოლოდ მათთვის განკუთვნილ აკვარიუმში იყოლიოთ.

წყლის პარამეტრები ნეოკარიდინას კრევეტებისთვის

ნეოკარიდინას კრევეტები აზიაში, საშუალო ტემპერატურის დაბალ წყლებში ბინადრობენ. თუ ოთახში, სადაც აკვარიუმი გიდგათ, ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში სტაბილურია და 18-დან 26 გრადუსამდეა , მაშინ გამათბობელი არ დაგჭირდებათ. მათთვის კომფორტული ტემპერატურა კი 21-24 გრადუსია.

ნეოკარიდინები საკმაოდ გამძლე კრევეტები არიან და წყლის პარამეტრების ფართო დიაპაზონსაც ეგუებიან, მაგრამ ზოგადად ხისტი წყალი მოსწონთ, რაც მათი გარსის გამოცვლისთვის აუცილებელია.

ზოგადად კრევეტის მოვლა თევზის მოვლაზე მარტივია, მაგრამ წყლის პარამეტრების ცვლილებების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეები არიან. გაითვალისწინეთ, რკინა, სპილენძი და სხვა მეტალები მათთვის სასიკვდილოა. თუ იყენებთ რკინის ან სპილენძის შემცველობის მქონე წყლის მცენარის სასუქს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მათ სიკვდილს. თუმცა არსებობს კრევეტებისთვის უსაფრთხო კომბინირებული სასუქიც, რომელიც რკინის უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს. მაგალითად ეს ბრენდი https://amzn.to/3z0EXV8

როგორც ავღნიშნე , კრევეტი წყლის პარამეტრების ცვლილებას რთულად ეგუება. თუ წყლის გამოცვლის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი კრევეტი თევზივით დაცურავს აკვარიუმში, ამოდის ზედაპირზე, ხტება და მოუსვენრადაა, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალში რაღაც ცვლილება მოხდა. არ არის სასურველი დიდი რაოდენობით წყლის გამოცვლა. კვირაში ერთხელ, 30%იანი წყლის ცვლაც საკმარისია. ახალი წყალი კი, რომელსაც უკან ჩაასხავთ, აკვარიუმში წყლის პარამეტრებთან მიახლოებული უნდა იყოს და მათ შორის ტემპერატურაც იგივე გრადუსის.

ზოგადად კრევეტი , რომელსაც ნორმალური პირობები აქვს არ ხტება წყლიდან. თუ ხტება, ესეიგი პრობლემაა წყალში ან პარამეტრები შეეცვალათ წყლის გამოცვლის დროს. კრევეტების ამ ქცევაზე წაიკითხავთ ცალკე პოსტში:

რატომ დაცურავენ კრევეტები მოუსვენრად?

კრევეტების კვება

კრევეტის კვებაც თევზის კვებაზე გაცილებით მარტივია.

როდესაც აკვარიუმში თევზებთან ერთად გყავთ, არც განსაკუთრებულ კვებას მოითხოვენ, რადგანაც დაეძებენ თევზის საკვებ ფირფიტებს გრუნტზე ან ჭამენ ალგეს და ბიოფირს, რომელიც ხის დეკორაციებზე ჩნდება.

როდესაც მხოლოდ კრევეტები გყავთ, ან ორიოდე თევზია აკვარიუმში, საჭირო ხდება მათი კვებაც. უმჯობესია საკვები მომცრო ფიალაზე დაუყაროთ, რომ შემდეგ ადვილად მოახერხოთ ძველი ნარჩენის ამოღებაც. კრევეტები მოხარშულ ბოსტნეულსაც მიირთმევენ, სტაფილოს, ბროკოლის, ისპანახს, ზუკინის და ა.შ.

ვფიქრობ რომ ეს მოკლე პოსტი საკმარისი იყო კრევეტების გასაცნობად. შემდეგ პოსტებში კი კრევეტების გარშემო სხვადასხვა თემებზე დავწერ, მათ დაავადებებზე, პრობლემებზე გარსის გამოცვლასთან დაკავშირებით და ასევე სხვა კრევეტების სახეობებზეც გაგაცნობთ ინფორმაციას. იმედი მაქვს ბევრი დაინტერესდება და იყოლიებს ამ მუდმივად საქმიან, საინტერესო და სასაცილო არსებებს.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.