რჩევები დამწყებს
რჩევები დამწყებს

რჩევები დამწყებს

ხშირ შემთხვევაში აკვარიუმის ჰობის მოუმზადებლად, ცოდნის გარეშე იწყებენ. ბუნებრივია თავიდანვე აწყდებიან პრობლემებს, გული უცრუვდებათ და თავსაც ანებებენ. იმედი მაქვს ამ პოსტის წაკითხვით წარმოდგენა შეექმნებათ დამწყებებს, თუ საიდან დაიწყონ,  რის მიხედვით აარჩიონ აკვარიუმი და ა.შ.

მოიძიეთ ინფორმაცია

 დაიწყეთ ინფორმაციის მოძიებით . დაგეგმეთ თუ რომელი სახეობის თევზი გსურთ ან აკვარიუმის როგორი სტილია თქვენთვის მისაღები.

თუ უკვე არჩეული გყავთ თევზი, მაშინ გაარკვიეთ  მისთვის წყლის რა პარამეტრებია საჭირო (როგორიცაა, ტემპერატურა, pH( მჟავიანობა) და სიხისტე) ასევე მნიშვნელოვანია დააზუსტოთ მაქსიმუმ რა ზომას მიაღწევს უკვე ზრდასრული თევზი.

ზოომაღაზიებში ძირითადად ლიფსიტები იყიდება. რამოდენიმე თვეში იზრდებიან და არსებული აკვარიუმის ზომა არასაკმარისი ხდება მათთვის.  როდესაც გეცოდინებათ  თევზის მაქსიმალური ზომა,  გაგიადვილდებათ აკვარიუმის არჩევაც.

თუ ისე მოხდა, რომ უკვე გაქვთ აკვარიუმი, ამ შემთხვევაში გირჩევთ ჩამოწეროთ სასურველი თევზების სია, დარწმუნდით რომ წყლის ერთი და იგივე პარამეტრები ესაჭიროებათ.  მაგალითად ცივი წყლის თევზი, როგორიცაა ოქროს თევზი, არ უნდა იყოლიოთ თბილი წყლის თევზ დისკუსთან.

ტროპიკულ თევზებისთვის იდეალური ტემპერატურა 25 გრადუსია, თუმცა ოქროსფერი რამირეზისთვის უფრო მაღალი,28 გრადუსი უნდა იყოს

გასათვალისწინებელია სხვადასხვა თევზების ტერიტორიულობა და ერთმანეთთან თავსებადობაც. მაგალითად მამალი ბეტა დიდი აგრესიით გამოირჩევა სხვა მამრების მიმართ, ასე რომ აკვარიუმში სხვა ბეტასთან ჩასმა არ არის სასურველი(დედალთან შესაძლებელია მხოლოდ გამრავლების მიზნით).

დიდ თევზსაც ნუ იყოლიებთ ისეთ პატარასთან რომელიც მას პირში ჩაეტევა. ახალი პატარა თევზი, რომელსაც შეიძენთ შეიძლება უბრალოდ თქვენი დიდი თევზის საკვები აღმოჩნდეს.

ჯანმრთელი და დაავადებული თევზის ამოცნობა

უნდა ვიცოდეთ ჯანმრთელი თევზის გარჩევა დაავადებული თევზისგან.

ჯანმრთელი თევზი უნდა იყოს აქტიური, წყლის ზედაპირთან ხელის მიახლოებით ჯანმრთელი თევზი ეცდება  სხვებს დაასწროს ზედაპირთან ახლოს ამოსვლა, რადგან ამ მოძრაობას ინსტიქტურად კვების დროსთან დააკავშირებს. არ უნდა უჭირდეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვაც.

დაავადებული თევზის ნიშნებია:
  • თეთრი , მარილის კრისტალისებური წერტილები ტანსა და ფარფლებზე(გარე პარაზიტის ნიშნები);
  • შეწეული მუცელი, ძალიან თხელი თევზი;
  • ლეთარგიულობა, უმოძრაობა;
  • ბალანსის დარღვევა, ზედაპირზე ტივტივი ან ბრუნვა წყალში;
  • დაზიანებული ფარფლები.
გუპებს, ბეტას და სხვა დიდ ფარფლიან თევზებს ყველაზე ხშირად უზიანდებათ ფარფლები, რომელიც ისე გამოიყურება თითქოს ულპებათ

თუ უკვე არსებულ აკვარიუმში გაჩნდა ეს პრობლემები და თევზებს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აქვთ საჭიროა მოათავსოთ კარანტინში, ან უმკუნრალოთ მთლიან აკვარიუმს.

თევზების დაავადებებზე ვრცლად ამ პოსტში წაიკითხავთ: აკვარიუმის თევზების დაავადებები 

აკლიმატიზაცია

როდესაც ახალ თევზს შეიძენთ, ან გაჩუქებენ, აუცილებელია თევზი თანდათან შეაგუოთ ახალი აკვარიუმის წყლის ტემპერატურას და პარამეტრებს. თევზის პირდაპირ ჩასმა აკვარიუმში დიდი შეცდომაა. ეს გამოიწვევს სტრესს. სტრესში მყოფ თევზს კი  შესაძლოა დაუქვეითდეს იმუნიტეტი, განუვითარდეს სხვადასხვა დაავადებები და მოკვდეს. განვიხილოთ ორი სახის აკლიმატიზაცია.

ტემპერატურის აკლიმატიზაცია 

თევზში სტრესს ყველაზე მეტად წყლის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება იწვევს. თევზი პარკიანად  ჩავდოთ აკვარიუმში, დაახლოებით 15 წუთით. 

მას შემდეგ რაც ტემპერატურა გათანაბრდება ამოიღეთ პარკი, ბადით ამოიყვანეთ თევზი და ჩასვით აკვარიუმში. დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს ჩააქციოთ პარკის წყალი აკვარიუმში, ამით შეიძლება ბაქტერიები და დაავადებები შეიტანოთ აკვარიუმში.

წვეთოვანი აკლიმატიზაცია

ამ მეთოდის მიზანი არის ნელა შევაგუოთ მგრძნობიარე თევზი ან კრევეტი ახალი აკვარიუმის ყველა პარამეტრს.

გამოიყენეთ აერაციის წვრილი მილი და დაიწყეთ აკვარიუმის წყლის ამოტუმბვა იმ კონტეინერში, სადაც თევზი ან კრევეტი გყავთ. აერაციის მილი ოდნავ განასკვეთ, ისე რომ წამში წყლის 1-3 წვეთი გამოდიოდეს.  როდესაც კონტეინერში წყალი გაორმაგდება , ბადით ამოიყვანეთ ახალი ბინადრები და  ჩასვით აკვარიუმში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ორმაგი აკლიმატიზაცია მოხდეს, ანუ ჯერ ტემპერატურით მოხდეს და შემდეგ წვეთოვანით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კრევეტებისთვის.

აკვარიუმის წყლის ცვლა

ხშირად დამწყები ზედმეტად ართულებს აკვარიუმის მოვლის პროცედურებს.

არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თევზი უნდა ამოისვას აკვარიუმიდან, აკვარიუმი მთლიანად უნდა დაიცალოს წყლისგან და ზემიწევნით გაირეცხოს მოწყობილობებიც, ეს სინამდვილეში დიდ ზიანს აყენებს თევზს და აკვარიუმის ეკოსისტემასაც.

აკვარიუმის  დაცლა, რეცხვა კლავს სასარგებლო ბაქტერიებს. სასარგებლო ბაქტერიებზე და აზოტის ციკლზე აქ წაიკითხავთ : რა არის აზოტის ციკლი

აკვარიუმები ძირითადად კვირაში ერთხელ საჭიროებენ წყლის ცვლას
წყლის გამოცვლის პროცედურა
  1. გამორთეთ ყველა ის მოწყობილობა, რომელიც წყალთანაა შეხებაში(მაგალითად ფილტრები, გამათბობელი, წყლის პომპა, )
  2. თუ ალგეა მინის ზედაპირებზე , გაწმინდეთ სუფთა ღრუბელით ან ალგეს საფხეკით(არ გამოიყენოთ ისეთი სხვა დანიშნულების ღრუბელი, მაგალითად სამზარეულოსი, რომელიც საწმენდ საშუალებებს შეიცავს და წყალთან შეხებასთან ერთად აქტიურდება) 
  3. გამოცვლილი წყლის რაოდენობა დამოკიდებულია აკვარიუმის ზომაზე, რამდენი თევზია და რა სიხშირით კვებავთ მათ. რაც უფრო ბევრს კვებავთ, მით მეტი ნარჩენი გროვდება.  თუ პატარა აკვარიუმში ბევრი თევზია , ამ შემთხვევაში წყლის 50% ით ცვლაა რეკომენდებული. თუ შედარებით დიდი აკვარიუმია ცოტა თევზით , მაშინ წყლის 20%ის გამოცვლაც საკმარისია ხოლმე. გრუნტის საწმენდით, ე.წ. სიფონით წყლის დაცლა გაცილებით მარტივია, სიფონით შეძლებთ გრუნტიდან ნარჩენების ამოღებას.
  4. ფილტრის მასალები, კერამიკული რგოლები, ღრუბელი, გაავლეთ დაცლილი აკვარიუმის წყალში და არავითარ შემთხვევაში ონკანის ქლორიან წყალში. გაითვალისწინეთ, რომ არ არის საჭირო ყოველი წყლის ცვლის შემდეგ გარეცხოთ ფილტრიც. ყოველ ჯერზე, როდესაც ფილტრს ავლებთ , მას თან მიჰყვება ეკოსისტემისთვის სასარგებლო ბაქტერიები. ამიტომ სასურველია არ დაამთხვიოთ წყლის ცვლა ფილტრის წმენდის დღეს.
  5. გაავსეთ აკვარიუმი ახალი წყლით. ახალი წყლის ტემპერატურა და აკვარიუმის წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებული. არ დაგავიწყდეთ ქლორის და ქლორამინის გასანეიტრალებელი ხსნარის დამატებაც.
  6. ჩართეთ ყველა მოწყობილობა
  7. დააკვირდით თევზებს, რათა დარწმუნდეთ რომ ყველაფერი რიგზეა.

იმედი მაქვს ეს მოკლე შესავალი დაგეხმარებათ ამ საინტერესო ჰობიში წარმატებებს მიაღწიოთ .


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.