გუპები მათი ფერების და ცოცხალი ხასიათის გამო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზად ითვლება მტკნარი წყლის აკვარიუმის ჰობიში.
ჩემი პირველი თევზებიც გუპები იყვნენ 80 იან წლებში. ძალიან სწრაფად მრავლდებოდნენ, მაგრამ პოპულაციის დარეგულირებას ბუნებრივი ციკლი უწყობდა ხელს, პატარა ლიფსიტები რომ ჩნდებოდნენ მოზრდილი თევზები ჭამდნენ .
გუპების მოვლა და გამრავლება საკმაოდ მარტივია და დამწყებისთვის კარგი არჩევანია. თქვენც თუ დამწყებ აკვარიუმისტს მიეკუთვნებით, გირჩევთ სანამ შეიძენთ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. ამ სტატიაში დაწვრილებით გაგაცნობთ გუპების მოვლის შესახებ ინფორმაციას.

გუპების ბუნებრივი ჰაბიტატი
გუპების მეცნიერული სახელია პეცილია რეტიკულატა (Poecilia reticulata) . თევზის ეს სახეობა სამხრეთ ამერიკაში 1860- იან წლებში აღმოაჩინეს მეცნიერებმა( ვენესუელა, გვიანა, ტრინიდადი და ტობაგო ,ბარბადოსის ტერიტორიებზე) თავდაპირველად გუპებს იყენებდნენ კოღოების კონტროლისთვის, თუმცა ეს სახეობა მალევე გახდა პოპულარული აკვარიუმის ჰობიშიც. სელექციური გამრავლების შედეგად მიიღეს სხვადასხვა შეფერილობის, კუდის თუ ფარფლების ფორმის თევზები.
🐠როგორი გარემო უნდა შევუქმნათ გუპებს აკვარიუმში?
აკვარიუმის ზომა
აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 6 გუპისთვის უნდა იყოს არანაკლებ 40 ლიტრისა (2 მამრი, 4 მდედრი) . ხშირად ზოომაღაზიებში პროდუქციის გაყიდვის მიზნით პატარა აკვარიუმიც შეძენაც შეიძლება გირჩიონ, მაგრამ მე გირჩევთ არ გაითვალისწინოთ მათი “მეგობრული” რჩევა. პატარა აკვარიუმის შეძენა არის შეცდომა, გუპები როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სწრაფად მრავლდებიან და მალე პრობლემები შეიძლება დაიწყოს . პატარა აკვარიუმში მარტივად ირღვევა ბალანსი და ბუნებრივი ციკლი, შეიძლება შეიცვალოს წყლის პარამეტრები, თევზებს დაუქვეითდეთ იმუნიტეტი და დაავადნენ. აკვარიუმის იდეალური მოცულობა გუპებისთვის კი 75 ლიტრია.

წყლის ტემპერატურა
გუპები თბილი წყლის თევზები არიან, ამიტომ დაგჭირდებათ აკვარიუმის წყლის გამათბობელი.
წყლის ტემპერატურა 24–25° გრადუსამდე უნდა იყოს.
გამრავლებისთვის კი წყლის ტემპერატურა უფრო მაღალი : 27° მდე– ამ ტემპერატურაზე თევზები სწრაფად მრავლდებიან, სწრაფადაც იზრდებიან . ზოგადად რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა მით უფრო სწრაფია მეტაბოლიზმი და შესაბამისად სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა. აკვარიუმის პირობებში გუპები საშუალოდ 1,5დან 2 წლამდე ცოცხლობენ.
pH დონე და სიხისტე
რეკომენდებული დიაპაზონია 7.0–8.0
თუ თქვენი ონკანის წყლის PH დონე დაბალია ანუ 7ზე ნაკლები, შეგიძლიათ გრუნტში დაამატოთ დაფშვნილი ნიჟარები.
წყლის სიხისტე : dGH: 8–12
თუ თქვენი ონკანის წყალი რბილია, სიხისტის ბალანსისთვის გამოიყენეთ მინერალური დანამატები.
წყლის პარამეტრებზე დეტალურად ამ ლინკზე წაიკითხავთ: წყლის პარამეტრები
ფილტრაცია და წყლის ნაკადი:
იმისათვის, რომ წყალი იყოს სუფთა, საჭიროა ხარისხიანი ფილტრი. ფილტრი უნდა აარჩიოთ აკვარიუმის ზომის მიხედვით.
წყლის მცენარეები
გუპები განსაკუთრებით მაშინ მრავლდებიან სწრაფად, როცა მათ კარგი პირობები აქვთ აკვარიუმში, მაგალითად როდესაც ბევრი წყლის მცენარეა. ასეთ დროს, ლიფსიტებს შეუძლიათ დამალვა მცენარეების ფოთლებს შორის და შეუძლიათ თავი დააღწიონ ზრდასრულ თევზებს, რომლებიც ხშირად ჭამენ ხოლმე და შესაბამისად ზრდასრულობამდე ვერ აღწევენ. მდედრი თევზების სამალავებადაც საჭიროა ბუნებრივი წყლის მცენარეები, ისინი იმალებიან, როცა მამრები თავს აბეზრებენ ყურადღებით, ან მშობიარობისთვის ემზადებიან მყუდრო ადგილს ეძებენ .
გუპებისთვის ნებისმიერი წყლის მცენარეა კარგი. რეკომენდებული წყლის მცენარეებია: ანუბიასი (Anubias), ჯავას გვიმრა (Java Fern), ჯავას ხავსი (Java Moss), ვალისნერია, მოტივტივე ფესვიანი მცენარეები და ა.შ.
წყლის ბუნებრივი მცენარეები ამცირებენ თევზების სტრესს, ფილტრავენ წყალს და ქმნიან თავშესაფარს ლიფსიტებისთვის.

აკვარიუმის დეკორაციები:
არ ჩადოთ აკვარიუმში ბასრი კუთხეების მქონე ქვები, დეკორაციები მახვილი შესაძრომებით. გუპებს აქვთ დელიკატური ფარფლები და ადვილად უზიანდებათ, დაზიანებული ფარფლები იწვევენ დამცავი ლორწოვანი გარსის დაზიანებასაც და თევზები ადვილად ავადდებიან. სტატიას აკვარიუმის გრუნტზე და ქვებზე წაიკითხავთ ამ სტატიებში: აკვარიუმის გრუნტი, ქვები აკვარიუმში.
🐠 გუპების რაოდენობა აკვარიუმში
იმისათვის რომ მდედრები არ დაისტრესონ 1 მამრზე 2–3 მდედრი საკმარისია. მამრი გუპები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ არ მოგატყუოთ ამ სილამაზემ, დაიცავით ბალანსი. მამალი თევზები ავიწროვებენ მდედრ თევზებს , რაც მათში იწვევს სტრესს, სტრესი კი ისევ და ისევ დაავადებების გამომწვევია. სტატიას თევზების დაავადებებზე აქ წაიკითხავთ:
გუპებთან ერთად სხვა სახეობის თევზების ყოლა
გუპები ძირითადად წყლის ზედაპირთან დაცურავენ , ამიტომ შესაძლოა აკვარიუმის შუა ნაწილი ცარიელად მოგეჩვენოთ, მრავალფეროვნებისთვის გუპებთან ერთად ფსკერზე მოცურავე თევზიც შეიძლება იყოლიოთ და სხვა შუა დონეზე მოცურავე , მშვიდობიანი თევზიც.
რეკომენდებული თევზები:
ტეტრები: ნეონ ტეტრები და სხვა პატარა, არააგრესიული ტეტრები გუპებისთვის შესანიშნავი მეზობლები არიან.
კორიდორასები: ეს ფსკერზე მოცურავე თევზები მშვიდობიანები არიან , ფსკერზე ჩაყრილ ზედმეტ საკვებს ჭამენ და აკვარიუმს ამგვარად ასუფთავებენ (თევზები არ ჭამენ სხვა თევზების ექსკრემენტებს, ამ მითს ნუ დაიჯერებთ)
მოლები და პლატები: გუპების მსგავსად, მშვიდობიანები არიან და გუპების მსგავსი მოვლა სჭირდებათ. ორივე სახეობა ცოცხლად მშობიარობს და გუპებთანაც კარგი მეზობლობა აქვთ.
ნერიტის ლოკოკინები: ნერიტის ლოკოკინა მტკნარ წყალში არ მრავლდება. მიირთმევენ გუპების საკვებს, რომელიც ხშირად ფსკერზე ხვდება. ასევე ჭამენ ალგეს .
მტკნარი წყლის კრევეტები: იდეალური მეზობლები არიან გუპებისთვის, არ არიან აგრესიულები, ძირითადად არიან ფსკერზე ან მცენარეების ფოთლებზე და ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

რომელი თევზის ყოლა არ არის რეკომენდებული გუპებთან ერთად?
დაუშვებელია გუპების სხვა დიდ თევზებთან ან ტერიტორიულ თევზებთან ყოლა. ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ თევზს რაც პირში ჩაეტევა ყველაფერს შეჭამს.
შესაძლოა აგრესიულ თევზს მცენარეებში დაემალოს გუპი, მაგრამ მუდმივ სტრესში იქნებიან და შესაბამისად ხშირად დაავადდებიან. აგრესიულ და ტერიტორიულ თევზად ითვლება მაგალითად ბარბუსი, ან ბეტა , თუმცა აკვარიუმის ჰობიში მოპოვებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცენარეებიან აკვარიუმში მამრი ბეტა მშვიდად თანაცხოვრობს გუპებთან, მაგრამ ეს დამოკიდებულია კონკრეტული ბეტას ხასიათზე – ზოგი უფრო ტერიტორიულია, ზოგიერთი კი მორცხვი. პრობლემას წარმოადგენს ასევე ბეტას და გუპებს შორის საკვების განაწილება. ბეტა თევზი ნელია, გუპები კი სხარტი თევზები არიან და ზედაპირზე მოტივტივე საკვებს ბეტა თევზს არ დაუტოვებენ. საბოლოოდ, სწორი მეზობლების შერჩევა ქმნის მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოს როგორც გუპებისთვის, ასევე აკვარიუმის სხვა ბინადრებისთვის.
ბეტა თევზეზე წაიკითხავთ ამ სტატიაში
🩺 გუპების ჯანმრთელობა
მაღაზიაში სანამ გუპებს შეიძენთ დააკვირდით მათ ქცევას და გარეგნობას.
ჯანმრთელ გუპებს უნდა ჰქონდეთ კაშკაშა ფერები და უნდა დაცურავდნენ აქტიურად.
🚩 ავადმყოფობის ნიშნებია
დაკეცილი ფარფლები, ნაკლები მოძრაობა და ზედაპირზე ყოფნა, მადის დაკარგვა, დაკარგული ფერი, თეთრი წინწკლები, დაფლეთილი ფარფლები.
თევზების დაავადებებზე აქ წაიკითხავთ:
როგორც კი შეამჩნევთ თევზის ამ ცვლილებებს სწრაფად უნდა მიიღოთ ზომები და უმკურნალოთ. დაავადებული თევზი მალე სხვა თევზებსაც დააავადებს.
გუპების კვება
გუპების მრავალფეროვანი კვება უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას. გუპების კვება მარტივია, რადგანაც სხვადასხვა ტიპის საკვებს ჭამენ. მაგალითად პალეტებს, ფირფიტებს, გაყინულ ან ცოცხალ საკვებს.
ცოცხალ საკვებზე წაიკითხავთ ამ სტატიაში
კომერციული საკვები: ეცადეთ მისცეთ მაღალი ხარისხის თევზის საკვები, პალეტები ან ფირფიტები. ხარისხიან საკვებში დაცულია თევზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების ბალანსი . ფანტელებთან შედარებით წვრილ მოტივტივე პალეტებს ის უპირატესობა აქვთ, რომ გუპების პირში ეტევა, თევზები ამ საკვებს პირდაპირ ყლაპავენ, ქვემოთ არ იძირება და აკვარიუმში სისუფთავე ნარჩუნდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ როცა მოტივტივე პალეტებს უყრით გუპებს, ქვემოთ მოცურავე თევზები მშივრები რჩებიან. ამიტომ მათთვის სპეციალური მძიმე პალეტებია საჭირო, რომელიც იძირება და ფსკერამდე აღწევს .
გაყინული/ცოცხალი საკვები: დანამატად შეგიძლიათ მისცეთ დაფნია, მოტილი, ნემატოდედბი, კოღოს ლარვები და ა.შ
ბოსტნეული: როდესაც მხოლოდ ცილოვანი საკვებით იკვებება თევზი, მათ შეიძლება განუვითარდეთ საკვები დეფიციტი. ორთქლზე დამუშავებული ისპანახი ან ბარდა საჭმლის მონელებაში ეხმარება თევზებს და ამ დეფიციტსაც ავსებს. გუპები ასევე იკვებებიან აკვარიუმის წყლის მცენარეებით, ასე რომ თუ აკვარიუმში ბევრი მცენარეა, ამ მნიშვნელოვან დანამატებს ბუნებრივადაც მიიღებენ.

გუპების გამრავლება
როგორ გავარჩიოთ გუპების სქესი
გუპების სქესის გარჩევა მარტივია, მამრობითი გუპები პატარა ზომის არიან და ფერადები. აქვთ წვრილი ტანი.
მდედრობითი გუპები შედარებით დიდები არიან , მრგვალი სხეული აქვთ და ნაკლებად ფერადები არიან. ასევე მხოლოდმდედრ გუპებს ასევე აქვთ კუდთან(ანალურ ხვრელთან) წერტილი.


როგორ შევუწყოთ ხელი გუპების გამრავლებას
როდესაც თქვენი მიზანი გუპების გამრავლებაა, აკვარიუმში თითო მამრზე 2-3 მდედრი თევზის ყოლაა რეკომენდებული. ასევე აუცილებელია სპეციალური კვება, იმისათვის რომ ბევრი ლიფსიტა დაბადოს თევზმა რეკომენდებულია მშობიარე თევზის ცოცხალი საკვებით კვება. ასევე მნიშვნელოვანია აკვარიუმის სისუფთავის დაცვა და სტაბილური ტემპერატურა.
მდედრობითი გუპი დაახლოებით ყოველ 30 დღეში ერთხელ შობს, ორსულობა კი 28–30 დღეს გრძელდება . თითო მშობიარობაზე თევზმა შეიძლება 20-დან 50-მდე ლიფსიტა დაბადოს.
როგორ უნდა მივხვდეთ რომ გუპი ორსულად არის და ლიფსიტები ჰყავს?
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლითაც შეიძლება მივხვდეთ რომ გუპი მალე დაბადებს ლიფსიტებს.
რა თქმა უნდა პირველი და უტყუარი ნიშანია მუცლის ზრდა. როდესაც მუცელი ბოლოს ოთკუთხა ფორმას მიიღებს ეს იმას ნიშნავს რომ მალე დაიწყება მშობიარობა. მუცლის ზრდა შეიძლება დაავადებებმაც გამოიწვიოს, მაგალითად გაუვალობამ, შინაგანმა პარაზიტებმა, ამიტომ საჭიროა დაკვირვება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია თევზის ანალურ ნაწილთან მუქი წერტილი. როცა თევზს ლიფსიტები ჰყავს ეს ლაქა თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება.

მშობიარე თევზის ქცევაც შეიცვლება. ორსული გუპი შეიძლება გახდეს უფრო “მორცხვი”, ნაკლებად მოძრავი, იმალება მცენარეებში და აკვარიუმის კუთხეებში. თუ ამ ფიზიკურ და ქცევით ნიშნებს დააკვირდებით, შეძლებთ განსაზღვროთ როდის დაბადებს ლიფსიტებს. ეს დაგეხმარებათ წინასწარ მოამზადოთ ლიფსიტების სამშობიარო ყუთი, მოიმარაგოთ ლიფსიტების საკვები და ა.შ.
გუპის ლიფსიტების მოვლა
გაითვალისწინეთ, რომ თუ აკვარიუმში არ იქნება საკმარისი წყლის მცენარე , ზრდასრული გუპები აუცილებლად დაიწყებენ ახალდაბადებულ ლიფსიტებზე ნადირობას და ჭამას.
თუ პოპულაციის გამრავლება გსურთ, მაშინ საჭიროა ლიფსიტების ცალკე სამშობიაროში გადაყვანა და იქ გაზრდა. საკმარისი ზომის მცენარეებიან აკვარიუმში კი ბუნებრივად დაიცავენ თავს წყლის მცენარეებში. ხავსები საუკეთესო გამოსავალია.
პატარა ლიფსიტები ადვილად შეიძლება შეიწოვოს ფილტრის შესასვლელმა ნაწილმა, ამიტომ წინასწარ ღრუბელი ან დამცავი ბადე სჯობს შემოაკრათ.
თუ გსურთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დაგრჩეთ გუპების ლიფსიტები, როგორც კი შეამჩნევთ, რომ მშობიარობა უახლოვდება გადაიყვანეთ მდედრი ცალკე სამშობიაროში. ეს სამშობიარო ყუთი ჩაკიდებულია იგივე აკვარიუმში, იზიარებს იგივე წყალს და დაცულია სხვა თევზებისგან.როდესაც დაასრულებს მშობიარობას საჭიროა მდედრის დაბრუნება ისევ დიდ აკვარიუმში.

ლიფსიტების კვება
ერთი უნივერსალური მეთოდი თევზების და ზოგადად ლიფსიტების გამოკვების არ არსებობს, ყველა აკვარიუმისტს თავისი აზრი გააჩნია, ზოგიერთი დაინტერესებულია ცოცხალი საკვების გამრავლებით, ზოგი კი მხოლოდ ფირფიტებს აჭმევს.ლიფსიტებიც გადარჩებიან როგორმე ცოცხალი საკვების გარეშე, მაგრამ იმდენი ვერ მიაღწევს ზრდასრულ ასაკს, რამდენიც გადარჩებოდა დამატებით ხელის შეწყობით და სპეციალური საკვებით .
პირველ დღეებში გუპის ლიფსიტები იკვებებიან დაბადებისას გამოყოლილი ცილით. როცა მას ბოლომდე აითვისებენ, დაიწყებენ ცურვას და საკვების ძიებას. თუ ამის საშუალებაა სასურველია აჭამოთ ინფუზორია. ინფუზორია პატარა მიკროორგანიზმია, რომელიც იდეალურია ახლად დაბადებული თევზებისთვის. ინფუზორიის გამრავლება თავადაც შეგიძლიათ. სტატიას აი ამ ლინკზე იხილავთ:
პირველი კვირის განმავლობაში ლიფსიტებს უკვე შეიძლება მისცეთ სპეციალური ფხვნილისებრი საკვები. ის ადვილად მოსანელებელია და შეიცავს მათთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. საკვები უნდა მისცეთ ძალიან მცირე ულუფებით, ყოველ 2 საათში ერთხელ, დღეში 5 -6 ჯერ.
მეორე კვირას გუპის ნაშიერები უკვე მზად იქნებიან მოზრდილი ციკლოპების და სხვა ცოცხალი საკვების ჭამისთვის. ცოცხალი საკვები მდიდარია ცილებითა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ცხიმებით, რაც აჩქარებს ზრდას და თევზის ფერებიც უფრო გამოკვეთილი ხდება.
მესამე კვირიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაქუცმაცებული ფანტელების მიცემა. მაღალი ხარისხის ფანტელი უნდა დაფშვნათ ისე, რომ ადვილად შეძლონ ჭამა. ლიფსიტების ზრდასთან ერთად დაფშვნილი საკვების ნაწილაკებიც უნდა გაიზარდოს.
ორიდან სამი თვის ასაკში გუპის ლიფსიტები უკვე საკმარისად დიდები იქნებიან და შეუძლიათ ჭამონ იგივე საკვები რასაც სხვა თევზები ჭამენ.
ზემოთ ჩამოთვლილ გარდამავალ ეტაპზე საკვების შეცვლა უნდა მოხდეს თანდათან, მაგალითად ერთმანეთში გარევით, რათა ლიფსიტები სიახლეს ადვილად შეეგუონ.

დამატებითი რჩევები
ზრდის საწყის ეტაპზე ლიფსიტებს ხშირად უნდა აჭამოთ – პატარა ულუფებით დღეში რამოდენიმეჯერ რათა სწრაფად გაიზარდონ.
დაკვირდით მათ განვითარებას და საკვების რაოდენობა შესაბამისად დაარეგულირეთ, რათა არ მოხდეს ზედმეტი ან არასაკმარისი საკვების მიცემა.
დაახლოებით 2–3 თვის ასაკში გუპებს დაეტყობათ ფერები და მზად იქნებიან ისევ გამრავლებისთვის. ზედმეტი ლიფსიტები შეგიძლიათ აჩუქოთ მეგობრებს, გაყიდოთ ან ზოომაღაზიაში ჩააბაროთ, მაგრამ სანამ მეგობარს აჩუქებთ თევზს ამ სტატიის წაკითხვა სავალდებულოა: სანამ თევზს შეიძენთ ან მეგობარს აჩუქებთ

