#1 ქართული ვებ გვერდი მცენარეებიან აკვარიუმებზე
“მწმენდავი” თევზი
“მწმენდავი” თევზი

“მწმენდავი” თევზი

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები “მწმენდავი თევზი მყავს” , ან ხშირად კითხულობენ “გრუნტის მწმენდავი თევზი სად ვიყიდო” . ამ სიტყვაში რეალურად გულისხმობენ გრუნტზე მცურავი თევზების იმ სახეობებს, რომელსაც პირის ღრუ აქვს მოთავსებული სხეულის ქვედა მხარეს და ხშირად მინის ზედაპირებზეც ეკვრიან.

ქვემოთ მცურავ თევზებზე გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ ისინი თითქოს „ასუფთავებენ აკვარიუმს“ და ჭამენ ყველაფერს, რაც აკვარიუმის სხვა ბინადრებმა დატოვეს, ნებისმიერი სახეობის ალგეს, ზედმეტ საკვებს და ასევე სხვა თევზების დანატოვარ ფეკალიებსაც💩.

ამის გამო გამოუცდელი აკვარიუმისტი ხშირად ყიდულობს ისეთ სახეობებს, როგორიცაა პლეკოები, კორიდორასები, ლოკოკინები და სხვა ალგეს მჭამელ თევზები, იმ იმედით, რომ თევზები თავის თავზე აიღებენ დასუფთავებას და როგორც მტვერსასრუტები ისე იმუშავებენ აკვარიუმში. ხშირად არც თევზის ზომებსაც ითვალისწინებენ. ყიდულობენ პატარა ლიფსიტებს რომელიც შემდეგ 30 სანტიმეტრიან მონსტრად შეიძლება გადაიქცეს 😀 და ამ ყველაფერს გასხვისების პრობლემაც ემატება.

პლეკო ცოცხით

მცდარი წარმოდგენა და რეალობა

1. ეს თევზები/ლოკოკინები სხვა თევზის ექსკრემენტს არ ჭამენ.
თევზი, კრევეტი, ლოკოკინა არ იკვებება ბიოლოგიური ნარჩენებით. თევზის ექსკრემენტები ჩადის გრუნტში და საჭიროა მისი “დასიფონება”

2. მათ სპეციალური კვება სჭირდებათ.
გრუნტზე მოცურავე თევზებს სჭირდებათ ისეთი საკვები, რომელიც ადვილად იძირება, მაგალითად ალგეს ვაფლები, მძიმე პალეტები, ბოსტნეული და ა.შ. — არ ჩათვალოთ რომ ზედაპირზე რასაც ჭამენ თევზები ის ქვემოთ მოცურავე თევზებს ჰყოფნით.

3. ისინი კი არ ამცირებენ, არამედ ამატებენ ბიოლოგიურ ნარჩენებს აკვარიუმში
როგორც ზემოთ მოცურავე თევზი გამოიმუშავებს ნარჩენს, ასევე ქვემოთ მოცურავე თევზიც გამოყოფს ფეკალიებს, არ დაამატოთ აკვარიუმს დიდი რაოდენობით თევზები და არ გადატვირთოთ აკვარიუმი. რაც მეტი თევზია, მეტია ბიოლოგიური ნარჩენიც და მეტად ბინძურდება აკვარიუმის წყალი.

4. ყველა ქვემოთ მოცურავე თევზი ალგეს საერთოდ არ ჭამს.
ზოგიერთი თევზი ალგეთი საერთოდ არ იკვებება, მათ ცილა და ხშირად ცოცხალი საკვები ესაჭიროებათ. ნამდვილი ალგესმჭამელები, ან ე.წ. ხავსიჭამიები ყველანაირ ალგესაც არ გეახლებიან, მაგალითად თმის ალგეს მხოლოდ სიამის ალგეს მჭამელი ჭამს და არა ოტოცინკლუსი. ლოკოკინების იმედიც ნუ გექნებათ, პატარა ლოკოკინებს, ე.წ. კატუშკებსაც კი დიდი სარგებელი მოაქვთ აკვარიუმისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ჭამენ თევზის ფეკალიებს.

და ბოლოს…

ქვემოთ მოცურავე თევზები , კრევეტები თუ ლოკოკინები მხოლოდ კონკრეტული საკვებით იკვებებიან, ჭამენ მხოლოდ გარკვეული ტიპის ალგეს, საკვებს, გახრწნილ მცენარეების ფოთლებს, მაგრამ აკვარიუმს თქვენ ნაცვლად ნამდვილად არ დაასუფთავებენ . რეგულარული მოვლა — წყლის ცვლა , ფილტრის გაწმენდა, გრუნტის დასიფონება მხოლოდ თქვენი მოვალეობაა.

აკვარიუმის წყლის გამოცვლაზე წაიკითხავთ აქ: როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)